საქართველოში მულტინაციონალური გერმანული კორპორაციის წარმომადგენლობა გაიხსნება

საქართველოში მულტინაციონალური გერმანული კორპორაციის წარმომადგენლობა გაიხსნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და SAP Labs China-ს აღმასრულებელი დირექტორის კლას ნოიმანდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა კლას ნოიმანდს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნო და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზე ესაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმომადგენლობის გახსნა ორივე მხარისთვის მომგებიანი და საინტერესო იქნება.

SAP არის გერმანული კორპორაცია, რომელსაც რეგიონული წარმომადგენლობა მსოფლიოს 130 ქვეყანაში აქვს. კორპორაციის შემოსავალი 17,56 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 2014 წლის მონაცემებით, კორპორაციაში 74 400 ადამიანი არის დასაქმებული.