გუდაურში კერამიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

12 სექტემბერს გუდაურში კერამიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია, ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება რეგიონში. ფესტივალის ინიციატორია ორგანიზაცია სასტუმრო "გუდაური მარკო პოლო" და ქართული კერამიკისა და რეწვის ფონდი "თიხის ოფისი". მხარდამჭერები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია", კერამიკის შემოქმედებითი სახელოსნო "White სტუდიო" და გალერეა "ვორქშოპი".

ფესტივალში მონაწილეობას საერთაშორისო დონის უცხოელი და ქართველი კერამიკოსები მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში აშენდება სამი სახეობის გარე გამოწვის კერამიკული ღუმელი, მოხდება მათი შეშით ან გაზით გამოწვა, თიხაში მუშაობისა და გამოწვის საინტერესო ტექნიკის დემონსტრირება.  ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ჩარხზე თიხის ქოთნების ამოყვანაში, ფიალების მოხატვასა და საკუთარი ნამუშვრების ღუმელში გამოწვაში. ჩატარდება სახალისო შეჯიბრი. ბავშვებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური მაგიდა, სადაც კონსულტანტის დახმარებით, შეძლებენ, საკუთარი ნამუშევრები გამოძერწონ. გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია და ფოლკლორული კონცერტი.

ფესტივალს გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.