გიორგი კაკაურიძე: ვერ გეტყვით რა გავლენას მოახდენს ლარის კურსზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა

ვერ გეტყვით რა გავლენას მოახდენს ლარის კურსზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა და მისი ცალკე ამოქმედება , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

კაკურიძის თქმით, მთავარია ორივე ინსტიტუტმა წარმატებულად იმუშაოს. "ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას გამართულად ფუნქციონირებადი საფინანსო ინსტიტუტები ახდენს, მათ შორის ეროვნული ბანკი და ფინანსური ზედამხედველობის სამსახური. ის გამართულად ორივე შემთხვევაში ფუნქციონირებს, როგორც სხვადასხვა ქვეყნებშია – როცა ზოგ შემთხვევაში, ფინანსური ზედამხედველობა სრულად ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია და იმ შემთხვევაში, როცა ის ეროვნული ბანკისგან განცალკევებითაა. ორივე შემთხვევაში არის წარმატებული პრაქტიკები", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებების განხორციელების მიზეზებს შორის პარლამენტში ლარის გაუფასურების პროცესი სახელდებოდა.