საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობის ბალი აზერბაიჯანში გადის

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომერციული დანიშნულების ბლის ბაღია გაშენებული.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბლის ინტენსიური კომერციული წარმოებისთვის ამ მიმართულებაში ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური ბაღების გაშენება, მოვლა, მოსავლის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი რეჟიმით შენახვა-ტრანსპორტირება ხელს შუწყობს წარმოების მოცულობის ზრდას და ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ადგილობრივი წარმოების ბალი ბაზარზე მაისიდან ივლისის ჩათვლით არის ხელმისაწვდომი. ბალი ძირითადად კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და იმერეთში იწარმოება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2010 წელს - 3 000 ტონა, 2011 წელს - 2 700 ტონა, 2012 წელს - 5 100 ტონა, 2013 წელს - 5 600 ტონა ბალი აწარმოეს. მთლიანი წარმოების ყველაზე დიდი წილი - 57% შიდა ქართლზე მოდის, 9% - იმერეთზე, 7-7% კახეთსა და ქვემო ქართლზე, დანარჩენ რეგიონებში კი ბლის მთლიანი წარმოების 20% იწარმოება.

2014 წლის მონაცემების მიხედვით ბლის საექსპორტო ბაზრები აზერბაიჯანი, ბელორუსი, რუსეთი და სომხეთია. აზერბაიჯანში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის 70% გადის, ბელორუსში - 13%, რუსეთში - 15%, ხოლო სომხეთში - 2%. 2012 წელს ბლის ექსპორტმა 149 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს - 352 ათასი აშშ დოლარი, 2014 წელს კი - 353 ათასი აშშ დოლარი.

2014 წელს ბლის საცალო საბაზრო ფასი ივნისში 2,43 ლარი, ხოლო ივლისში 3,19 ლარი იყო.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, ბლის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰა ფართობზე (ბაღი) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 33 980 ლარს შეადგენს. უკუგების პერიოდი მე-6 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) კი - 25%.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში ბლის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ატმის, ხურმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.