აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი საქართველოში პროექტებს განახორციელებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს ,- ეს განცხადება ბანკის პრეზიდენტმა ლიცუნ ძიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ორჯერ იმყოფებოდა საქართველოში, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი სატრანსპორტო, საგზაო და ენერგეტიკული სექტორით ინტერესდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში არის ბევრი სფერო, რომლებიც დააინტერესებთ ჩინურ კომპანიებს. კერძოდ, ინვესტორებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს ტრანსპორტის(რკინიგზა, პორტები), ენერგეტიკის (განახლებადი ენერგია, ჰიდრორესურსები), მრეწველობის, ტურიზმის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორები.

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა, წინასწარ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წლის 29 ივნისს პეკინში. საქართველო არის 45- ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ ბანკს და პირველი ქვეყანა, რომელმაც განახორციელა ბანკის წინასწარი ხელშეკრულების რატიფიცირება. სავარაუდოდ, ბანკი ფუნქციონირებას 2015 წლის ბოლომდე დაიწყებს. აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკში გაწევრიანება საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული ფინანსურ რესურსების მოძიებაში.