RMG gold-ისა და RMG-Copper-ის საწარმოებში გარემოსდაცვითი აუდიტი დასრულდა

RMG gold-ისა და RMG- Copper-ის საწარმოებში მიმდინარე გარემოსდაცვითი ექვსთვიანი აუდიტი დასრულდა. კომპანია RMG gold-ის წარმომადგენლებმა , ორგანიზაცია "გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიამ" და მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა აუდიტის პირველადი შედეგები საზოგადოებას დღეს, სასტუმრო "რედისონში" გააცნეს. პრეზენტაციას გარემოს ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის დირექტორი გია ჟორჟოლიანი, HRMG gold-ის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი, მიხეილ კვარაცხელია, ასევე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, პროფესორი გრიგორი შმადკოვი და ირინა ნიკოლაევა ესწრებოდნენ.

როგორც RMG gold-ის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, მიხეილ კვარაცხელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 12-მა ქართველმა ექსპერტმა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ექვსთვიან პროექტზე მუშაობა დაასრულეს. ექსპერტებმა კომპანიას აუდიტის სამუშაო ვარიანტი უკვე გადასცეს. კვარაცხელიას თქმით, შემდგომი ერთი თვის განმავლობაში აღნიშნულ აუდიტის სამუშაო ვარიანტზე მუშაობა კიდევ გაგრძელდება; აუდიტის საბოლოო ოფიციალური დოკუმენტი კი ცნობილი ერთი თვის შემდეგ გახდება, გადაეცემა კომპანია RMG-ს და გარემოს დაცვის სამინისტროს. მისი თქმით, შედეგები ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ექვსთვიან პროექტზე ქართველი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები და წყლის ექსპერტები მუშაობდნენ. მათივე თქმით, ექსპერტებმა საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოზე საწარმოო პროცესები, შემუშავებული რეკომენდაციები დამუშავების პროცესშია და ამის საფუძველზე მომზადდება გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების გეგმა, რომლის შესრულებაც კომპანიას დაევალება.

თავის მხრივ, მიხეილ კვარაცხელიამ ასევე აღნიშნა, რომ მიღებული რეკომენდაციების განსახორციელებლად, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გარემოს დაცვის სამინისტროს და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ და ეს საინიციატივო ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების გეგმის განხორციელებას. როგორც უკრაინიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ირინა ნიკოლაევამ განაცხადა, ჩატარებული კვლევებისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა გარემოს დაცვის სამი პრიორიტეტი, კერძოდ, წყლის რესურსების და ჰაერის დაბინძურების და ნარჩენების მართვის პრობლემები.