"მერსი ქორფსი" ბორჯომში პროექტის განხორციელებას იწყებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში "მერსი ქორფსი" ბორჯომის მუნიციპალიტეტში 1 000 000 დოლარიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის განხორციელებას იწყებს.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დიმიტრი ყიფიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გამართეს.  როგორც "მერსი ქორფსის" მრჩეველმა, რიჩარდ მაქსფილდმა განაცხადა, მოცემული თანხით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროსა და სექტორის განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა პირველი რვა თვის სამოქმედო გეგმა განიხილეს და დასახულ პრიორიტეტებზეც შეთანხმდნენ.  აღსანიშნავია, რომ პროექტის წარდგენის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელმა და შოტლანდილემა ექსპერტებმა, მათ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პროექტის შესახებ მეტი ინფორმირებისათვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან პერიოდულად საინფორმაციო ტიპის შეხვედრას გამართავენ. საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად უდგას გვერდში ამ მნიშვნელოვან და სასიკეთო იდეას, რომელიც, მისი თქმით, მომავალში ბორჯომის განვითარებაზე დადებითდ აისახება.

პროექტს თავდაპირველად საპილოტე ხასიათი ექნება და ბორჯომში ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.