ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების განვითარების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი ხერგიანმა, ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.  პროექტის მიხედვით, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა 2 წელია, 6 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაირთვება, სადაც ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს. აღნიშნული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება და სიჩქარე.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია Black Sea Group ქუვეითური კომპანიასთან Copri Construction Enterprises W.L.L ერთად ახორციელებს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 105 მლნ. ლარზე მეტია.  სამშენებლო სამუშაოებზე ამ დროისთვის 400 ადამიანია დასაქმებულია. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.