"ჰუავეი" საქართველოში ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული

ჩინური მულტინაციონალური კომპანია "ჰუავეი" საქართველოში ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "ჰუავეის" უფროს ვიცე-პრეზიდენტ ცუ ვენჩუს შეხვედრაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე განცხადებით, კომპანიამ, რომელიც საქართველოში 15 წელია წარმატებით საქმიანობს, გამოხატა ინტერესი ე.წ "უსაფრთხო ქვეყნის" კონცეფციის მიმართ, რაც გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში უსაფრთხოების სისტემის მონტაჟსა და ინტერნეტიზაციას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ "ჰუავეი" დაეხმარება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "ელექტრონული მთავრობის" პროექტის განხორციელებაში.

"ჰუავეი" არის ჩინეთის მულტინაციონალური კომპანია, რომელიც ოპერირებს ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ინდონეზიაში, იაპონიაში. მისმა შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 46, 5 მილიარდი დოლარი, მოგება - 4,5 მილიარდი დოლარი. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 140 ათასი ადამიანი.