კაზინო "აჭარამ" მუშაობა განაახლა

კაზინო "აჭარამ" მუშაობა განაახლა. სამორინე 20 აგვისტოს შემდეგ აზარტული თამაშის მოყვარულებისთვის ფინანსური საგამოძიებო სამსახურის შესვლის გამო, დახურული იყო. როგორც კაზინოში აცხადებენ, ამ ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ სათამაშო აპარატებით სარგებლობა შეუძლია. როგორც საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში განმარტეს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე "კაზინო აჭარას" ფუნქციონირების უფლება აქვს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეძლებს კაზინო მოხმარებელს სრული სერვისი შესთავაზოს.

კაზინოში გასულ თვეს ფინანსური საგამოძიებო სამსახური მოულოდნელად შევიდა. კომპანიას გადასახადების თავის არიდებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში სდებენ ბრალს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში მაშინ განაცხადეს, რომ სამორინეში საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.

მოგვიანებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "კაზინო აჭარას" მმართველი დირექტორის ვედრან ბაიატის, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვიკტორ ტროიცკის და იურიდიული პირის - შპს "კაზინო აჭარას" მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ვედრან ბაიატი არღვევდა ლიცენზირების პირობებს და სისტემატიურად ახდენდა მოთამაშეებზე ფსონების დასადებად სესხების უკანონოდ გაცემას, რითაც შპს "კაზინო აჭარამ" 7 თვის განმავლობაში მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი. გამოძიების მიხედვით, ვიკტორ ტროიცკის ორგანიზებით კი, კაზინოს სათამაშო მაგიდებზე დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურის მეშვეობით, სამორინეს სახელითა და მის სასარგებლოდ, უკანონოდ მიმდინარეობდა მოთამაშეთა კერძო საუბრების მიყურადება, ჩაწერა და სერვერებზე შენახვა, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების, მოთამაშეთა უფლებებისა და ნების სრული იგნორირებით.

ამჟამად თუ რა ეტაპზეა საგამოძიებო მოქმედებები უცნობია. ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის სამართლებრივი წარმომადგენელი, ქეთი ქვარცხავა ამბობს, რომ ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. კაზინოს საკონტროლო პაკეტის მფლობელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. იგი ასევე ფლობს კომპანია "გალფს", სადაც ფინანსთა სამინისტრომ ასევე გადასახადებისთვის თავის არიდების მოტივით წლის დასაწყისში დაიწყო მოკვლევა.