"აირზენამ" ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ტურისტი ჩამოიყვანა

"აირზენას" გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის განცხადებით, წუხელ კომპანიამ ანტალიაში ჩარჩენილი 47 ქართველი ტურისტი ჩამოიყვანა.

როგორც იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, გუშინდელი რეისით საქართველოში იმ ტურისტების გარკვეული ნაწილი ჩამოიყვანეს, რომლებიც სამშობლოში 10 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო.  მისივე თქმით, ქართველი ტურისტების ნაწილი საქართველოში საკუთარი სახსრებით სხვა ავიახაზების მეშვეობით დაბრუნდა. ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ქართველ ტურისტებს ანტალიიდან ეტაპობრივად კიდევ ჩამოიყვანენ.

"დღეს, 17:00 საათზე, კიდევ შესრულდება რეისი ანტალიაში და 130 ქართველ ტურისტს გადმოვიყვანთ. ამასთან, 15 სექტემბერს კიდევ შესრულდება რეისი, რომლითაც ასევე 130 ადამიანს ჩამოვიყვანთ. პრობლემა აღმოფხვრილია და უკლებლივ ყველა მგზავრი საქართველოში დაბრუნდება. პრობლემის მოგვარებაში ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო. როგორც სამინისტროში გვითხრეს, 14 ოქტომბერს კონსულტაციები გაიმართება, რათა ტურისტული ფირმის ჩვენს მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის შესახებ სქემებზე ვისაუბროთ", - განაცხადა ზაუტაშვილა.

ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. გუშინ "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მგზავრები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ. მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Aლლტოურს-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.