რომან გოცირიძე: ახია მთავრობაზე!

ქართველი ეკონომისტი და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, კახეთში ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემაზე წერს.

გოცირიძის ბიზნესპოსტს bpn.ge უცვლელად გთავაზობთ:

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი! ახია მთავრობაზე!  როცა აკეთებ იმას, რომელიც შენი საქმე არ არის, როცა აწესებ ყურძენზე ფასს, რომელიც შენი საქმე არ არის, როცა ყიდულობ საქონელს და კიდევ უფრო მეტ თანხას ანიავებ მის გადასამუშავებლად და რაც ასევე შენი საქმე არ არის, გგონია ყოველთვის მიიღებ ამისგან დივიდენდს?

ყურძნის რეალური ფასი, თუ გამოვაკლებთ მთავრობის მიერ დაწესებულ წანამატს (სუბსიდია) და თუ სახელმწიფო არ განახორციელებდა შესყიდვებს( რაც, როგორც უკვე ვთქვი, მისი საქმე არ არის) არის თეთრ ყურძენზე დაახლოებით 15-20 თეთრი

(60 თეთრს მინუს 35 თეთრი სუბსიდირება, მინუს 5-10 თეთრი, სახელწიფოს მიერ ყურძნის შესყიდვის ეფექტი), შავ ყურძენზე 60-65 თეთრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მევენახეობის დარგი საქართველოში მთლიანად გაკოტრებულია. ამაში მთავრობაა დამნაშავე. ესაა არასწორი აგრარული პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდები იხარჯება ბიუჯეტიდან შესაბამისი უკუგების გარეშე, როცა უაზრო სუბსიდირებას ახდენდა ხვნა-თესვით დაწყებული, ღვინის ქარხნების პირდაპირი დაფინანსებით დამთავრებული და ქმნიდა პროდუქციას საწყობისათვის.

დამნაშავეა რუსული ბაზრის იდეალიზებისა და ელემენტარი პროგნოზირების უნარის არქონის გამო

. ხვალ დენის სუბსიდირებით იქნება უკმაყოფილება ხალხი, ზეგ გაზის, მერე ციტრუსების და ვაშლის, წყლის ფასიც აუცილებლად მოიმატებს, რადგან ვერ მიხედეს ლარის კურსს და ეროვნულ ბანკთან ბრძოლას და ფინანსური ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარეს მთელი ენერგია. სუბსიდირებით კი არა ლამის ლასვეგასივით ბათუმი ააშენა წინა ხელისუფლებამ, მაგრამ მაინც წააგო არჩევნები. საბოლოოდ იგებს ის, ვინ მოქმედებს დანტეს პრინციპით: "იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდა თქვან"! ოპოზიციური პარტიებიც პოპულისტობენ და ქულებს იწერენ. აბა რა ეგონათ. ასეთია ოპოზიციის ლოგიკა, თუ მასეთია ხელისუფლების ლოგიკა! თავისით მოგორავს ხელისუფლება. მხოლოდ დახრა და აღება გახდება საჭიროა. ერთი რამაა მხოლოდ ბუნდოვანი-ვისთან მიგორდება იგი" - წერს რომან გოცირიძე.