"ბიზნეს ინსაიდერმა" ყველაზე უბედური ქვეყნები დაასახელა

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ მსოფლიოში ყველაზე უბედური ქვეყნების სიას აქვეყნებს.

რთულია როდესაც სამსახური არ გაქვს და ცხოვრების ხარჯები იზრდება. მსგავსი ვითარების აღსაწერად ეკონომისტმა ართურ ოკუნმა „უბედურების ინდექსი“ შეიმუშავა, რომელიც უმუშევრობის და ინფლაციის დონის მიხედვით გამოითვალა. მისი თქმით, რაც უფრო მაღალია „უბედურების ინდექსი“, მით უფრო „უბედურია“ ქვეყანა.

მსოფლიოში ყველაზე „უბედური“ ქვეყნის რეიტინგში პირველ ადგილს ვენესუელა იკავებს.

2014 წლიდან ნავთობის ფასების შემცირებამ და ქვეყანაში დაწყებულმა რეცესიამ, ვენესუელის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. ინფლაცია უკონტროლო გახდა. მაგალითად, ამ ქვეყანაში iPhone 6 დაახლოებით 47,700 დოლარი ღირს. რეიტინგში მეორე ადგილს სირია იკავებს. რამდენიმეწლიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა, საერთაშორისო სანქციებმა, ინფრასტრუქტურის დაზიანებამ და წარმოებისა და მოხმარების შემცირებამ, ქვეყანაში ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია.

ყველაზე „უბედური“ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა ჯიბუტი, არგენტინა და იემენიც. რაც შეეხება ათეულს, მასში ლესოთო, სამხრეთ აფრიკა, მაკედონია, სერბეთი და ირანი შევიდა. ამასთან 18-ქვეყნიან რეიტინგში მოხვდა რამდენიმე ევროპული ქვეყანაც. მაგალითად, საბერძნეთმა მე-11 ადგილი დაიკავა, ესპანეთმა მე-12, ხორვატიამ - მე-16. გარდა ამისა, მე-15 ადგილას გავიდა უკრაინა, რომელიც ფინანსურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად დააზარალა.

იხილეთ ორიგინალი