ირმა ნადირაშვილი: სამინისტროში გაცემულმა დანამატებმა და პრემიამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, კახელ გლეხებს კი თეთრებს უთვლიან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ერთ-ერთ უწყებაში გაცემულ პრემიებს ასაჯაროებს.

ნადირაშვილის განცხადებით, ამ უწყებაში გაცემულმა ხელფასმა, დანამატმა და პრემიამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, მაშინ, როცა კახეთში, გლეხებს, მთავრობა თითო თეთრს აყვედრის და შესაბამის სუბსიდირებას არ აძლევს.  "იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა თითოეულ თეთრს აყვედრის კახელ გლეხებს და არ აძლევთ მათ შესაბამის სუბსიდიას, რომ თავისი შრომის ხარჯები აანაზღაურონ, მე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროზე დაქვემდებარებული ერთ-ერთი უწყების მონაცემები. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს მელიორაცია", სადაც ჩინოვნიკები ზღვარგადასული ფუფუნებით ცხოვრობენ. წარმოგიდგენთ მათ ხელფასებს, პრემიებს და დანამატებს, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. 2013 წელს ამ დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელფასის სახით 480 810 ლარი აიღეს, ხოლო დანამატების სახით 671 655 ლარი.  2014 წელს მათი ანაზღაურება გაიზარდა და 628075 ლარი აიღეს და წლიური პრემიის სახით 839 587 ლარი. კატასტროფული მდგომარეობაა 2015 წელს, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 6 თვის შედეგები და მათ 6 თვის განმავლობაში უფრო მეტი პრემია და ხელფასი აიღეს, ვიდრე წინა წლებში. 6 თვეში მელიორაციის დეპარტამენტის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა ხელფასის სახით 433 435 ლარი აიღეს, პრემიის სახით 510 398 ლარი და წელს უკვე მესამე გრაფა დაემატა - დანამატი და ეს არის 174 230 ლარი. სულ ჯამში 6 თვეში მათმა პრემიებმა და დანამატებმა ნახევარ მილიონს ლარს გადააჭარბა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.