500 000-მდე მოსწავლე სრულად იქნება სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი

2015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ანგარიშში, რომელიც პარლამენტში 11 სექტემბერს შევიდა.

ანგარიშში ასევე საუბარია ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

"სასკოლო სახელმძღვანელოებით მოსწავლეების უზრუნველყოფის პროგრამამ გადაჭრა მოსწავლეების სასწავლო რესურსებთან წვდომის პრობლემა. 2013 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს და კერძო სკოლის გარკვეულ კონტიგენტს 39,6 მლნ ლარის ღირებულების 1 მილიონამდე სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რვეულების სრული კომპლექტი უსასყიდლოდ გადაეცათ. 2015-2016 სასწავლო წელსაც 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით", - ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობის ანგარიშის თანახმად, სასკოლო ავტობუსების მომსახურების შედეგად 2013 წლიდან სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროგრამის დანერგვის შემდეგ სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელმა 95%-ს გადააჭარბა. 2015 წლისათვის უკვე 1150 საჯარო სკოლაა ჩართული "საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის" ფარგლებში და ამ სერვისით 60 000-ზე მეტი მოსწავლე სარგებლობს.

ყოველწლიურად საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს და იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემათ. 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპიუტერების ტექნიკური მაჩვენებლები აღიჭურვა, ახალი ელექტრონული რესურსებით და საგანმანათლებლო პროგრამებით. 2015-2016 სასწავლო წელს 42 000 -მდე პირველკლასელი მიიღებს გაუმჯობესებული მახასიათებლის მქონე ახალი თაობის კომპიუტერს.

ანგარიშში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზეც არის საუბარი.

"2013 წელს ქვეყანაში შექმნილი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ სახელმწიფო სასწავლებლებში პროფესიული განათლების სრულად დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 2013-2014 წლებში სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლა 18 000-მდე სტუდენტმა, ხოლო 2015 წელს უკვე სარგებლობს 3000-ზე მეტი სტუდენტი. საშემოდგომოდ ნავარაუდევია 8000-მდე სტუდენტის მიღება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა პროფესიული განათლების დაფინანსება. 2013 წელთან შედარებით 2015 წელს ბიუჯეტი გასამმაგდა", - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაიცემა სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტები (ყოველწლიურად იხარჯება დაახლოებით 11 200 000 ლარი). მოქმედებს სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა სტუდენტებისთვის. წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა, 2.6-ჯერ გაიზარდა დახარჯული თანხების მოცულობა;

წინა წლებთან შედარებით გასამმაგდება სოციალური პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. ამ მიმართულებით დახარჯული თანხები 3,5 ჯერ გაიზარდა.

2013 წლიდან სახელმწიფო სრულად აფინანსებს 21 პრიორიტეტულ საბაკალავრო პროგრამას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რისთვისაც 2015 წელს გამოყოფილია 12 723 750 ლარი.

სახელმწიფოს დაფინანსებას იღებს მოქმედი სტუდენტების საერთო რაოდენობის 50% ზე მეტი.

ანგარიშში ასევე საუბარია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს მხოლოდ კვლევითი ინსტიტუტების პროგრამულმა დაფინანსებამ შეადგინა 20,9 მლნ ლარი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია წინა წლების დაფინანსებასთან შედარებით. მათ შორის მეცნიერ თანამშრომელთა ხელფასი საშუალოდ 2.5 ჯერ გაიზარდა.

ანგარიშში ასე საუბარია ახალი სკოლების და მშენებლობაზე და სკოლის შენობების რეაბილიტაციაზე.

რაც შეხება განათლების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, ამ ეტაპზე ცენტრი ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 1. საერთაშიროსო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

"განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014- სასწავლო წელს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა, ხოლო 2015 წელს კი 115 ბენეფიციარი ჰყავს. სულ მალე მათი ნაწილი - სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მოღვაწეობას გააგრძელებენ. კურსდამთავრებულთა ყველაზე წარმატებულ ნაწილს სახელმწიფო დასაქმებაში შეუწყობს ხელს", - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.