თურქეთმა და რუსეთმა „თურქულ ნაკადზე“ მოლაპარაკებები შეაჩერეს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის სეფა სადიკ აიტეკინის განცხადებით, რუსეთმა და თურქეთმა „თურქული ნაკადის“ თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეაჩერეს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელებას თურქეთის მთავრობაში არსებულმა პრობლემებმა შეუშალა ხელი.

„იმის გამო, რომ ივნისის არჩევნების შემდეგ მთავრობა კვლავაც არ არის ფორმირებული, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი არ გვაქვს. სწორედ ამიტომ „თურქული ნაკადის“ თაობაზე მოლაპარაკებებს დროებით ვწყვეტთ და არა - საბოლოოდ“, - აღნიშნა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ივლისის ბოლოს თურქეთმა და რუსეთმა რუსულ გაზზე ფასდაკლების შეთანხმებას მიაღწიეს

თურქულმა კომპანია Botas-მა და ”გაზპრომმა” 2014 წლის 1 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, შავი ზღვის გავლით, ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. ”თურქული ნაკადის” სიმძლავრე 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

”თურქული ნაკადის” მეშვეობით, რუსეთი ევროპას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

"თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება.

„თურქული ნაკადის“ გაზსადენის ექსპლუატაციაში ჩაშვება 2017 წლის შემდეგ არის დაგეგმილი.