მსოფლიოს ყველაზე მდიდარი წყვილები

კვლევითი კომპანია Wealth-X-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი წყვილების რეიტინიგი წარმოადგინა.

ზოგიერთმა მათგანმა ქონება საკუთარი შრომის ფასად მოიპოვა, ზოგს კი მემკვიდრეობით ერგო.

ჯეიმს და ლინ უოლტონები

ამ წყვილის ქონება საერთო ჯამში 36,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯეიმს უოლტონი Wal-Mart-ის დამფუძნებლის სამუელ უოლტონის შვილი გახლავთ, რომელიც კომპანიას ძმის, ჯონ უოლმარტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში. 2013 წელს უოლტონების ოჯახმა ქველმოქმედებისთვის 300 მილიონი დოლარი გაიღო.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

წყვილის ქონება ჯამში 38,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ფეისბუქის“ დამაარსებელი მომავალ მეუღლეს ჰარვარდში სწავლისას შეხვდა. გაცნობიდან ცხრა წლის შემდეგ კი ცუკერბერგმა და ჩანმა იქორწინეს. პრისცილა ჩანი პროფესიით პედიატრი გახლავთ. ცოტა ხნის წინ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ 75 მილიონი დოლარი გაიღეს ქველმოქმედების სახით სან ფრანცისკოს General Hospital and Trauma Center-ის მშენებლობისთვის.

ბერნარ არნო და ელენ მერსიე-არნო

ყველაზე ძვირად ღირებული ლუქს-კლასის პროდუქტებით მოვაჭრე უმსხვილესი ჰოლდინგის LVMH (Louis Vuitton & Moet Hennessy) მფლობელის ბერნარ არნოსა და მისი მეუღლის, პიანისტი ელენ მერსიე-არნოს საერთო ქონება 38,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. წლების წინ ფრანგმა მილიარდერმა გარისკა, მემკვიდრეობით მიღებული სამშენებლო კომპანია გაყიდა და გაკოტრების პირას მყოფი ბრენდების შესყიდვა დაიწყო. მან გადაწყვიტა, შეექმნა არა ახალი მარკა, არამედ უკვე არსებული დაეხვეწა და გაეუმჯობესებინა. ბერნარ არნოს მცდელობა წარმატებით დასრულდა და დღეს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ბრენდი მისი კუთვნილებაა.

ჯეფ და მაკკენზი ბეზო

წყვილის ქონება 39,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისის ბეზო მომავალ მეუღლეს 1992 წელს შეხვდა, როცა ჯეფ ბეზოს კომპანიაში მუშაობდა. ორი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და ერთად დაიწყეს მუშაობა ბიზნესგეგმაზე, რომელიც Amazon.com-ის შექმნას ეხებოდა. ახლა „ამაზონის“ ქონება 175 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯეფ ბეზოკი კი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

უორენ ბაფეტი და ასტრიდ მენკსი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილის საერთო ქონება 65 მილიარდ დოლარს შეადგენს. უორენ ბაფეტი პირველ მეუღლეს, სიუზანს 1977 წელს გაშორდა. თუმცა, მომავალი მეუღლე ასტრიდ მენკსი სწორედ სიუზანმა გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტნამ ცოლად ასტრიდი შეირთო, სამივე მათგანი სიუზანის გარდაცვალებამდე 2004 წლამდე ახლო მეგობრები იყვნენ. საერთო მეგობრებს საჩუქარებს კი წარწერით: „უორენი, სიუზი და ასტრიდი“ უგზავნიდნენ.

ამანსიო ორტეგა და ფლორა პერესი

მოდის რითეილ ბაზრის მაგნატის ამანსიო ორტეგასა და მისი მეორე მეუღლის, ფლორა პერესის საერთო ქონება 70,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მომავალ მეუღლეს ფლორა „ინდიტექსის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობისას შეხვდა. ამანსიო ორტეგამ ქონების დიდი ნაწილი „ზარას“ წყალობით მოიპოვა, რომელიც პირველ მეუღლესთან ერთად, 1975 წელს დააფუძნა.

ბილ და მელინდა გეიტსები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი წყვილი 85,7 მილიარდ დოლარს ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეიტსმა ქონება „მაიქროსოფტის“ დაფუძნებით მოიპოვა, მისი მთავარი საქმიანობა ახლა „ბილ და მილინდა გეიტსების ფონდის“ ხელმძღვანელობაა. წყვილი 1994 წელს დაქორწინდა და სამი შვილი ჰყავთ. „ბილ და მილინდა გეიტსების ფონდი“ საქველმოქმედო ფონდია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს აერთიანებს.