დუშეთის რაიონში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორი სახელოსნო იხსნება

დუშეთის რაიონში მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული ორი სახელოსნო იხსნება. კერძოდ, დღეს მაღაროსკარში თინა დათაშვილის ტექსტილის სახელოსნო გაიხსნება, კორშაში კი "არაბული ArtHouse". ასევე გაიმართება გასული საუკუნეების რეწვის ნიმუშების გამოფენა. ორივე სახელოსნოს პრეზენტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი "არტ-ფესტივალი ჩირდილი 2015-ის" ფარგლებში იქნება წარმოდგენილი.

"არაბული ArtHouse" და თინა დათაშვილის ტექსტილის სახელოსნო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ გამართული მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტებია, რომელიც ევროკავშირის პროექტის Investing in People-ის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელოსნოების მოსაწყობად საკონკურსო გრანტი სულ 4-მა ოსტატმა მიიღო. ფონდმა პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ოსტატებს მიანიჭა.

თინა დათაშვილი ქსოვის, ქარგვის, ფშავ-ხევსურეთის ტრადიციული ხელსაქმის გამგრძელებელია და სწორედ ამ სახელოსნოს ბაზაზე, მაღაროსკარში ამოქმედებულ სკოლაში ის ადგილობრივ ბავშვებს ტრადიციულ დარგებს შეასწავლის. კორშაში კი არაბულებმა ხევსურული სახლის აღდგინეს და მასში სახელოსნო მოაწყვეს. ArtHouse-ის კულტურის ცენტრად გადაქცევას სხვადასხვა დარგის ოსტატების მასტერკლასებიც შეუწყობს ხელს. აქვე, იგეგმება ტურისტების მოწვევა და მათი ქართული ტრადიციული რეწვის ხელსაქმეში ჩართვა.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, ევროკავშირის ამავე პროექტის ფარგლებში, 2014 წელს უკვე დააფინანსა ტრადიციული რეწვის 11 სახელოსნო, რომლებიც მოწყობის სტადიაშია და უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრების მისაღებად მზადდება.