"ყურძნის სიიაფე შემცირებულმა მოთხოვნამ და ჭარბმა მოსავალმა გამოიწვია"

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბაზარზე ყურძნის ჩაბარების დაბალი ფასი შემცირებულმა მოთხოვნამ და ჭარბმა მოსავალმა გამოიწვია. როგორც მინისტრი ამბობს, ეს მოლოდინი არსებობდა, ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა და 2015 წლის ივნისიდან სისტემატურად ხდებოდა ინფორმაციის მიწოდება მედიისთვის შემცირებულ ექსპორტთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, სახელმწიფო არ გეგმავდა ყურძნის სუბსიდირებას, თუმცა ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, იმის გამო, რომ გლეხები არ დაზარალებულიყვნენ, მაინც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ამავე დროს, კახეთში მევენახეების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ისინი ყურძნის ჩასაბარებელ დაბალ ფასს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ჩაბარების ფასის გაზრდას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თუ ფასი არ მოიმატებს, ისინი საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.

- რამდენად არის შემცირებული წინა წლებთან შედარებით ღვინის ექსპორტი და რა არის ამის მიზეზი?

-  მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა გაზრდილია და ღვინო გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, იაპონია, ლატვია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვა, ღვინის ექსპორტი მაინც შემცირებულია და ეს ბუნებრივიც არის თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე პროცესებს. საქართველოდან ყველაზე მაღალი ექსპორტი რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში გადიოდა. რუსეთისა და უკრაინის არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში ექსპორტის მკვეთრმა კლებამ გავლენა იქონია 6 თვის ექსპორტის სტატისტიკაზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ითაა შემცირებული. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ ველოდებით, რომ წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი მიუახლოვდება 2013 წლის მაჩვენებელს. როგორც იცით, 2014 წელს ექსპორტი ძალიან მაღალი იყო და წელს, უკრაინასა და რუსეთში ექსპორტის სიმცირის გამო, ვერ მივუახლოვდებით ამ მაჩვენებელს, თუმცა იმედი მაქვს, მომავალ წელს უკეთესი მდგომარეობა გვექნება.

- დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება გლეხების მოთხოვნას ყურძნის ფასის მომატებაზე?

-  წელს საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 200 000 ტონა ყურძენს. აქედან ჩასაბარებლად დაახლოებით 130 000 ტონა იქნება. ექსპორტის რაოდენობის შემცირებამ და მოსავლიანობის სიჭარბემ კი ბაზარზე ღვინის დაბალი ფასი მოგვცა. ჩვენ არ შეგვიძლია ფასები შევცვალოთ და კერძო კომპანიებს მათი გაზრდა მოვთხოვოთ, რადგან ეს იქნება სახელმწიფოს მიერ კერძო კომპანიებზე ზეწოლა. ამიტომ ამ პროცესებში არ ჩავერთვებით და ფასს ვერ მოვუმატებთ. ამ დროისთვის 19 გადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს, მათგან 4 სახელმწიფოსია. იმ შემთხვევაში, თუ მევენახეებს ჩაბარების პრობლემა შეექმნებათ, სახელმწიფო სრულად შეისყიდის დარჩენილ პროდუქტს, თუმცა არა იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე კერძო კომპანიები ყიდულობდნენ. წელს სახელმწიფო საერთოდ არ აპირებდა ყურძნის სუბსიდირებას, რადგან მთავრობა დაეხმარა კომპანიებს, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაეტანა ღვინო ექსპორტზე, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში შეიქმნა, სახელმწიფომ სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რათა გლეხებს ზარალი არ ენახათ. ქარხნები მზად არიან ყურძნის მისაღებად, თუმცა ყურძენი სრულად ჯერ არ არის დამწიფებული. ასე რომ, რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. ამ დროისთვის დაახლოებით 5 300 ტონამდეა ჩაბარებული, რაც საკმაოდ მცირე რაოდენობაა. თუმცა ნელ-ნელა მოიმატებს ჩაბარება და ქარხნები ამისთვის მზად არიან.

- ხვდება თუ არა ხელისუფლება მევენახეებს და რამდენად ეცნობით იმ პრობლემებს, რომლებზეც ისინი საუბრობენ?

- ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მევენახეებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც ჩვენ, სოფლის მეურნეობის, ისე ღვინის სააგენტოს წარმომადგენლები. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხვდებით მათ და ველაპარაკებით. სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს კონსტრუქციული საუბრებისთვის, თუმცა ვერ ჩავერევით ფასების საკითხში, რადგან ვერ დავაძალებთ ქარხნებს ფასების მომატებას. საბაზრო ეკონომიკის ფასს ვერ დავადგენთ, ეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. მსგავსი ტიპის პრობლემა ახალი არ არის. ასე იყო შარშანაც და იმის წინაც. რასაკვირველია, ყველას სურს იმაზე მაღალ ფასად გაყიდოს და ჩააბაროს ყურძენი, ვიდრე ამას კერძო კომპანიები სთავაზობენ. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია დავაძალოთ კომპანიებს ფასის მომატება, მით უმეტეს, რომ შემცირებულია ექსპორტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს საქართველოში მევენახეობის განვითარებას, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ თანხას ხარჯავს და შედეგიც სახეზე გვაქვს. სწორედ იმ პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგია ის, რომ დღეს მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, მინიმუმ 30%-ით არის გაზრდილი. ეს ფასი, რომელიც დღეს არის, ითვალისწინებს, რომ გლეხმა გარანტირებულად მიიღოს მოგება და არ იზარალოს. ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ გლეხები ფასის მომატებას ითხოვენ, ასე იყო შარშანაც და ეს ბუნებრივია, რადგან ყველას სურს იმაზე მაღალ ფასად ჩააბაროს ყურძენი, ვიდრე დაწესებულია და უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით ფასების რეგულაციაში და ვერ ვაიძულებთ კერძო კომპანიებს ჩასაბარებელი ფასის გაზრდას. ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.

გვანცა ღვედაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"