ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" თიანეთის მუნციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაურთან ერთად გაეცნენ.

"საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, ერწოს დამშრობ სისტემაზე სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებულა. მიმდინარე წლის აგვისტოში სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც მდინარე აძიძის კალაპოტის ნატანი და ნალექი გრუნტისაგან გაწმენდას ითვალისწინებს.  "ეს არის ბოლო 25 წელიწადში პირველი მასშტაბური სამუშაოები მთელს რაიონში, რაც წაახალისებს ადგილობრივ მოსახლეობას, განავითარონ სოფლის მეურნეობა", - აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.

ნუგზარ ყიფიანის თქმით, დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად "მიწები დაიბრუნებს თავის ფუნქციას, მოსავლიანობა გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქაური მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად". "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორის ლევან დვალის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპების პროექტირება მიმდინარეობს.

გარდა აღნიშნული პროექტისა, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარეკვავის წყალსაცავის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. "საქართველოს მელიორაცია" დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 25 ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.