ირაკლი ღარიბაშვილი ყურძენზე ფასს შარშანდელ "ჩაწოლილ პროდუქციას" უკავშირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყურძენზე წლევანდელ ფასს შარშანდელ "ჩაწოლილ პროდუქციას" უკავშირებს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ღვინის კომპანიები მარაგებს პრაქტიკულად ვერ ყიდიან. "უკვე მესამე წელია, უპრეცენდენტოდ წარმატებულ რთველს ვატარებთ. მხოლოდ წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში შევიდა 290 მილიონი ლარი. აქედან დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდირება, რაც სახელმწიფომ გაიღო. ორი წლის წინ, ისე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის თანხა თეთრ ყურძენზე იყო 35 თეთრი, წითელზე - 15 თეთრი. წელსაც იგივე გვაქვს. ანუ ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან არაფერი შეცვლილა",-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ღვინის კომპანიებში არსებულ ვითარებას, ღარიბაშვილის თქმით, კომპანიებს ადრე შეეძლოთ მეტი ყურძნის ყიდვა და მეტის გადახდა, რადგან მსოფლიო ბაზარზე სხვა ვითარება იყო. ის ფასი, რომელიც დაფიქსირდა 2 და 3 წლის წინ სწორედ ბაზარმა განაპირობა. "დღეს კომპანიებს აქვთ "ჩაწოლილი" პროდუქცია, ღვინის მარაგები, რომლებსაც პრაქტრიკულად ვერ ყიდიან, რადგან ღვინის ექსპორტის 60 %-იანი კლება გვაქვს მთელ მსოფლიოში არსებული სერიოზული კრიზისის გამო. არ არის ისე, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს კრიზისი. ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიაღწევს ამას, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვაქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.