გორის და კასპის სოფლებში სადემონსტრაციო მოდელების ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართება

საქართველოში ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა" ხვალ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სადემონსტრაციო მოდელების ბენეფიციარებთან შეხვედრას გამართავს.

სადემონსტრაციო დღის მიზანია დაინტერესებულ პირებს ერთდროულად გააცნოს პომიდვრის მოყვანის ორი განსხვავებული მეთოდი: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც პროექტის ბენეფიციარ ლერი ციცაგს პომიდორი მოჰყავს ბიომეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (წვეთოვანი მორწყვა, მულჩირება) გამოყენებით 0.2 ჰა-ზე; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში სადემონსტრაციო მოდელის ბენეფიციარ კახი ბიჭიკაშვილს აქვს პომიდვრის ინტენსიური წარმოება სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით 0.5 ჰა-ზე.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავად მოახდინონ ბიო და კონვენციური წარმოების დადებითი და სუსტი მხარეების შედარება და დააგემოვნონ სხვადასხვა მეთოდით წარმოებული პომიდორი.