2014 წელს ატმის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ბოლო 15 წლის განმავლობაში ატმის ბაღების ფართობები და წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ატმის წარმოება ძირითადად, მცირე ფართობის ბაღებში ხორციელდება. ატმის ბაღების უმეტესი ნაწილი კახეთსა და შიდა ქართლშია გაშენებული. საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ატმის კონკურენტულობაზე გავლენას მოსავლის აღების, პირველადი გადამუშავებისა და შენახვის არსებული პრაქტიკა ახდენს.

ბაზარზე ადგილობრივი ატმის მიწოდება ივნისიდან ოქტომბრამდე ხორციელდება. აღნიშნული სექტორის განვითარების ძირითად გამოწვევას ხარისხის გაუმჯობესება და შეფუთვის, შემნახველი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 6 900 ტონა, 2011 წელს - 19 100 ტონა, 2012 წელს - 7 100 ტონა, ხოლო 2013 წელს - 23 700 ტონა ატამი აწარმოეს. რეგიონებს შორის წარმოების ყველაზე დიდი წილი კახეთზე მოდის და ის 70%-ს შეადგენს. ატმის 21% შიდა ქართლში იწარმოება, 2-2% - იმერეთსა და სამეგრელოში, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე მთლიანი წარმოების 5% მოდის.

რაც შეეხება ექსპორტს, 2014 წლის მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო ბაზრები რუსეთი და ყაზახეთია. ექსპორტის 85% რუსეთზე მოდის, 12% - ყაზახეთზე, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში საქართველოში წარმოებული ატმის მხოლოდ 3% გადის.

2012 წელს ატმის ექსპორტმა 627 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს - 1066 ათასი აშშ დოლარი, 2014 წელს კი 2 520 ათასი აშშ დოლარი.

2014 წლის მონაცემებით, ატმის საცალო საბაზრო ფასები 1,30 ლარიდან 2,70 ლარამდე მერყეობს. 2014 წელს 1კგ. ატმის ყველაზე დაბალი ფასი ივლისში დაფიქსირდა და მან 1, 30 ლარი შეადგინა. ივნისში 1კგ.ატამი 2,10 ლარი ღირდა, აგვისტოში - 1,40 ლარი, სექტემბერში - 2,60 ლარი, ხოლო ოქტომბერში - 2,70 ლარი.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, ატმის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰექტარ ფართობზე (ბაღი) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 10 490 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-6 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) კი - 24%.

შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში ატმის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ხურმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.