სახელმწიფო ჭარბ ყურძენს 60 თეთრში ჩაიბარებს

სახელმწიფო ჭარბ ყურძენს 60 თეთრში ჩაიბარებს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გააკეთა.  "კერძო ქარხნებში თეთრ ყურძენზე დაფიქსირებულია 70 თეთრი. წითელი ყურძენი ღირს 80 თეთრიდან ზევით. ჩვენ გარანტირებულად, იმიტომ რომ შეიძლება ყურძენი იყოს ჭარბი, მზად ვართ, 60 თეთრში მივიღოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირება და ყურძნის ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფოს 60 მილიონი უჯდება. "სუბსიდირება და ჩაბარება 60 მილიონი ჯდება. მე როგორც მინისტრისგან ვიცი, კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100%-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს", - აღნიშნა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა უშუალოდ ღვინის მწარმოებელ კომპანიებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათ რთული ვითარება აქვთ. "მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ წელს კომპანიებს აქვთ რთული ვითარება. რომ არ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური სიტუაცია, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და მთელი ფაქტორები, მე არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიების უმეტესობას საერთოდ უარი ეთქვა ყურძნის ჩაბარებაზე. მე მათიც მესმის, რადგან შეუმცირდათ გაყიდვები, რუსეთში ვეღარ გააქვთ იმდენი პროდუქცია, ევროპაშიც მძიმედ გადის - ექსპორტის კლება გვაქვს. ასე რომ, კომპანიებს აქვთ მძიმე ვითარება. სახელმწიფოს კი რაც შეუძლია - 60 მილიონ ლარამდე, რაც შარშან დახარჯა, წელსაც ხარჯავს. თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც. ყველგან პრობლემებია, რადგან სხვაგანაც იყო სტიქია. ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. მე ასეთი პოზიცია მაქვს", - განმარტა მთავრობის მეთაურმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე გლეხებსაც მიმართა და სთხოვა, "პროვოკატორს" აღარ შეხვდნენ. თავის მხრივ, პრემიერმა მინისტრებსაც მოუწოდა, რომ შეხვედრები "ნამდვილ ფერმერებთან" გამართონ და არა გადაცმულ "ნაციონალებთან".