ანტალიიდან საქართველოში ტურისტების დაბრუნების შეფერხების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ანტალიიდან საქართველოში ტურისტების დაბრუნების შეფერხების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

აღნიშნული ფაქტი საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ. ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. მგზავრები აცხადებდნენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ. მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად, მათ წამოსაყვანად თვითმფრინავიც არ გაფრინდა.

ამასთან, ტურისტებმა დაბრუნება საქართველოს მთავრობის მიერ თანხის გადარიცხვის შემდეგ მოახერხეს.