"ნიკორას" ორი საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორას" ორი საწარმოს თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ელგუჯა ჩაკვეტაძის ინფორმაციით, "ნიკორას" დამფუძნებელს ვასილ სუხიაშვილს ტელეფონით ესაუბრა. ელგუჯა ჩაკვეტაძის თქმით, ვასილ სუხიაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. დამფუძნებელი გაფიცულებს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 17 სექტემბერს შეხვედრას დაპირდა. აღნიშნული ინფორმაციის მოსმენის შემდეგ "ნიკორას" ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების გაფიცული თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

ნაძალადევის რაიონში მდებარე "ნიკორას" ცენტრალურ ოფისთან ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოების თანამშრომლები დილიდან იყვნენ გაფიცული. მათი ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადდა ორივე საწარმოს სრული შემადგენლობა, დაახლოებით 180 ადამიანი, გაფიცულები ხელფასის მომატებასა და ჯარიმების შემსუბუქებას ითხოვდნენ. მათი ინფორმაციით, მინიმალური ხელფასი საწარმოში 450 ლარია, ანაზღაურება 30%-ით უნდა გაიზარდოს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასის გაზრდას წელიწადნახევრის განმავლობაში პირდებოდნენ, თუმცა აქამდე მათ შემოსავალი არ მომატებიათ. ბოლო პერიოდში კი, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვითარება გართულდა.

გაფიცული თანამშრომლები უკვე სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. მათი ინფორმაციით, 17 სექტემბერს "ნიკორას" დამფუძნებელ ვასილ სუხიაშვილთან შეხვედრას დაელოდებიან, სამომავლო ნაბიჯების შესახებ კი, შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.