"ახალ ბაზრებზე შევდივართ, რაც ღვინის ინდუსტრიისთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა"

რეალურად მხოლოდ ჩვენს პირობებში დავნერგეთ პრაქტიკაში, რასაც დივერსიფიკაცია ჰქვია, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.  მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რუსეთის ბაზართან დაკავშირებით რა მდგომარეობაა.

"მე მინდა ყველას შევახსენო, რომ 2005 წელს ღვინის ექსპორტი იყო დაახლოებით 57 მილიონი ბოთლი, საიდანაც 52 მილიონი ბოთლი გავიდა რუსეთში. მხოლოდ ჩვენს პირობებში რეალურად პრაქტიკაში დავნერგეთ დივერსიფიკაცია რასაც ჰქვია. მე ვფიქრობ, რომ ტერმინის განმარტება კარგად არ ესმოდათ, რადგან ჩვენს შემთხვევაში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ციფრები. ჩვენთან მზარდია აზიის და ევროპის ბაზრები. ჩვენ ახალ ბაზრებზე შევდივართ, რაც ღვინის ინდუსტრიისთვის არის ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევა. ასევე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, როდესაც ე.წ. ემბარგო იყო რუსეთთან, საქართველოდან რაც ექსპორტზე გასულა 10 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი იყო და იმპორტზე შემოსული იყო 1 187 000 000 დოლარის საქონელი რუსეთიდან, აი ეს იყო ემბარგო და დივერსიფიკაციის პოლიტიკა მაშინ. ეს უბრალოდ, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.