თამარ სანიკიძე: 2015-2016 წელს პედაგოგების ხელფასი ორჯერ გაიზრდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2015-2016 წელს პედაგოგების ხელფასი ორჯერ გაიზრდება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის ორი წლის განმავლობაში შემუშავებული პროგრამა, რომელშიც სხვადასხვა მხარეების გარდა ასევე ჩართულები იყვნენ უშუალოდ პედაგოგები, რომლის შედეგადაც შეიქმნა სისტემა, რომელიც არეგულირებს მთლიანად პედაგოგიკის და პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინისტრის განცხადებით, ეს არის საუნივერსიტეტო პროგრამებიდან დაწყებული, პროფესიაში შესვლის, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარების და შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო არეგულირებს სახელფასო პოლიტიკას.

"შესაბამისად, სექტემბრიდან ამოქმედდება სქემაც და ასევე ამოქმედდება სახელფასო ნაწილიც, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება საბაზო ხელფასი და გაიზრდება ოთხდონიანი სქემის ფარგლებში კატეგორიის დანამატები. ნამატი ნამდვილად მნიშვნელოვანია, 2015-16 საწავლო წელს ორჯერადად მოუწევთ მატება. დაახლოებით 34%-ით გაიზრდება საბაზო ხელფასი, ხოლო კატეგორიის დანამატები შესაბამისი იქნება დაახლოებით 180-250 და დაახლოებით 300 ლარის ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ 2016 წლის აპრილში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის ოდენობის", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.