ევროპული კონვენცია, რომელსაც საქართველო არღვევს

თბილისის ახალი შენობა-ნაგებობები, მათ შორის "პანორამა თბილისი" და ქვეყნის მასშტაბით მდებარე არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი ლანდშაფტების ევროპული კონვენციის პირობებს არღვევს. ასეთია სპეციალისტების ნაწილის შეფასება.

ევროპულ კონვენციას საქართველო 2011 წელს შეუერთდა და ისტორიული ლანდშაფტების დაცვის ვალდებულება აიღო. თუმცა, თითქმის ყოველთვიურად ჩნდება ახალი შენობა თუ პროექტი, რომელიც არ არის შექმნილი აღნიშნული კონვენციის შესაბამისად. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე აშენებული მაღალი შენობა მოჰყავს. "შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ყველა შენობა არღვევს ლანდშაფტის ავთენტურობას. ძალიან ძნელია რომელიმე ერთი ყველაზე უსახური შენობა გამოვყოთ. თუმცა, ბოლო რაც მახსენდება, ეს არის თაბუკაშვილზე აშენებული შენობა, რომელიც გარშემო მდგარ ყველა შენობაზე გაცილებით მაღალია. დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ეს შენობა მახათას მთაზე მაღალიცაა. ეს არის ყველაზე თვალსაჩინო დარღვევა", - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს სადავო პროექტი "პანორამა თბილისიც" არღვევს: "პანორამა თბილისის პროექტმა უკვე დაარღვია ეს კონვენცია. მთელი მთა მოჭრეს ამისთვის, ეს მთა იყო იმ ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილი, რაც ისტორიულად არსებობდა. კონვენციის მიხედვით კი ასეთი ლანდშაფტები უნდა იყოს შემოსაზღვრული და მოვლილი. თუმცა, ვხედავთ, რომ ამის საწინააღმდეგო გაკეთდა. ეს პირდაპირი დარღვევაა".

საპირისპიროს ამტკიცებს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგე, ნოდარ ელიზბარაშვილი. "იმ ადგილას, სადაც "პანორამა თბილისი" შენდება, ისტორიულ წარსულში იყო მუხნარცხილნარი ტყე, რომელიც დაიწვა თბილისის გათბობისთვის და დარჩა ხრიოკი ტერიტორია. პროექტი ვნახე, ის არანაირად არ დაარღვევს კონვენციას, ვინაიდან იქ არის მწვანე ელემენტები. პროექტი ვიზუალური თვალსაზრისით არანაირ დისონანსს არ შემოიტანს ისტორიულ ლანდშაფტში", - ამბობს ნოდარ ელიზბარაშვილი.

რა კეთდება საქართველოში იმისთვის, რომ ლანდშაფტების კონვენციის პირობები ნებისმიერი პროექტის შექმნის დროს გათვალისწინებული იყოს?

გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი, სოსო ქარცივაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა კანონზე, რითიც ლანდშაფტურ დაგეგმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო საფუძვლები შეიქმნება. "კანონი დასრულების ეტაპზეა და გვინდა, რომ წლის ბოლომდე შევიტანოთ პარლამენტში. რაც შეეხება, ლანდშაფტების დაგეგმარებასთან დაკავშირებით მონიტორინგს, ეს პროცესი ჯერ არ მიმდინარეობს. ჯერ უნდა შეიქმნას საკანონმდებლო საფუძველი და შემდეგ მოხდება მონიტორინგი", - აღნიშნა სოსო ქარცივაძემ.

მანამ ვიდრე კანონი ძალაში შევა, თბილისის მერიაში ქალაქის გენერალური გეგმას განიხილავენ, რომელიც ლანდშაფტების კონვენციას ითვალისწინებს. ელიზბარაშვილის თქმით, თუ მერიამ გეგმა დაამტკიცა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ლანდშაფტური დაგეგმარება ქალაქის გენერალური გეგმის ნაწილი იქნება.

თამთა ჯიჯავაძე