გახდება თუ არა ფასიანი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება?

თბილისის მერიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება შესაძლოა, ფასიანი გახდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ამბები.გე"-სთან საუბარში თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს არ უთქვამს, რომ თბილისის ქუჩების ნაწილზე გადაადგილება შესაძლოა ფასიანი გახდეს.

"გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ავთანდილ სუდაძის ფრაზა არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მან ისაუბრა, რომ ზოგადად არსებობს ასეთი პრაქტიკა. ავთანდილ სუდაძეს ასეთი საკითხები არც ეხება და თბილისში არანაირი მსგავსი გადასახადის დაწესება არ იგეგმება", - აცხადებენ მერიაში.

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ "ფორტუნას" ეთერში განაცხადა, საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება. "ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, დიდხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული", - განაცხადა სუდაძემ.

ლექსო ნაბახტეველი

წყარო: ambebi.ge