ჩინური კომპანია მზადაა, გაზის მიწისქვეშა საცავისა და თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინური კომპანია "China Tianchen Engineering Corporation“ (TCC) მზად არის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და ახალი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა TCC-ის წარმომადგენლებთან მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გაიმართა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. TCC-ს ინიციატივით, აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში ასევე ჩართულია ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE) და მსოფლიოში უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC).

TCC ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.