ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული გზა, რომელიც დაბა წნორთან და სიღნაღთან 6 სოფელს აკავშირებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

არსებული გზა მთლიანად ამორტიზებული იყო და მას რეაბილიტაცია 30 წელია არ ჩასტარებია. რეაბილიტირებული გზა, გარდა იმისა, რომ 6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან და სიღნაღთან, ასევე, არის უმოკლესი გზა დედაქალაქთან დასაკავშირებლად.  გზის რეაბილიტაციის შედეგად, მგზავრობის დრო დაბა წნორამდე, რომელიც რეგიონის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, ორჯერ შემცირდება. ასევე, გაადვილდება დაკავშირება ქალაქ სიღნაღთან, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას.

ბოდბე-ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 831 384,37 ლარია.