ფაქტორები, რამაც "რთველი 2015" ხმაურიანი გახადა

სავალალო შეცდომები, რომელსაც გლეხები და ღვინის მარკეტოლოგები უშვებენ

"რთველი 2015" აქციების ფონზე მიმდინარეობს. მევენახეთა ნაწილი საკუთარი მოსავლის ჩაბარებას უფრო მაღალ ფასად ითხოვს. სუბსიდიის მიხედვით, 1 კგ რქაწითელში გლეხები 60 თეთრს მიიღებენ, 1 კგ საფერავში კი მთლიანად 75 თეთრს. ამას არ იზიარებენ აქციის მონაწილეები და ფასის აწევას ითხოვენ.

აქციის მიუხედავად, მევენახეთა ნაწილი ყურძენს აბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო. AMBEBI.GE რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობა" უკვე ორი დღეა, მევენახეების ყურძენს იბარებს:

"რქაწითელს 70 თეთრად ვიბარებთ, საფერავი ჯერჯეორბით არ მიგვიღია. ცოტა მივიღეთ, ისიც 85 თეთრად. ჯერ ჩვენი ყურძენი გვაქვს, თუმცა მევენახეების რაოდენობა დიდია", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძე.

უკვე ორი კვირაა გლეხებისგან ყურძნის მიღება დაწყებული აქვს შპს "დუგლაძეების ღვინის კომპანიას". ლევან ყანჩაველის თქმით, რაც უფრო კარგ მდგომარეობაშია ყურძენი, ფასიც ამის მიხედვით განისაზღვრება, მისივე თქმით, საფერავს 70 თეთრად იბარებენ.

შ.პ.ს. ქინძმარაულის წარმომადგენლის, ჟიულენ რობიტაშვილის თქმით, ჩაბარებული პროდუქციიდან მეტწილად დასეტყვილი ყურძენია, რომელსაც მაქსიმუმ 40-45 თეთრად იბარებენ.

"აქციებს ვინ აწყობს მე არ ვიცი, მაგრამ ხალხი მაინც კმაყოფილია, მათ იციან, რომ ყურძენი დაზიანდა, გრადუსიც მაღალი არ არის და ა.შ. საფერავს ჯერჯერობით ჩვენსას ვამზადებთ, მაგრამ სტანდარტულ ყურძენს ვიბარებთ იმ ფასში, რაც გამოცხადებულია", - ამბობს ჟიულენ რობიტაშვილი.

მთავრობა ყურძნის ფასის შეცვლას არ აპირებს, რადგან მათი განცხადებით, ყველაფერი გააკეთეს ბიზნესის სუბსიდირების სახით და ახლა ფასები ღვინის ბიზნესმა უნდა დაარეგულიროს.

რა ფაქტორებმა განაპირობა, წინა წლების ფასებიდან გამომდინარე, წელს ყურძენზე ასეთი დაბალი ფასი და რამდენად ადეკვატურია ღვინის ქარხნების წლევანდელი საფასო პოლიტიკა, ამ საკითხებზე AMBEBI.GE "TMG"-ს მარკეტინგის უფროს კონსულტანტს, ნიკო თევდორაშვილს ესაუბრა.

ნიკო თევდორაშვილი:

ზოგადად, ბაზარზე ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება და ქარხნები თავის ბიზნეს პოლიტიკას იმის შესაბამისად განსაზღვრავენ, თუ როგორია მოთხოვნა ყურძენზე და შესაბამისად, იციან, დაახლოებით რა ფასში გაიყიდება მათი წარმოებული ყურძენი. პირობითად რომ ავიღოთ შარშანდელი წელი, არც ევროპულ და ღვინის მწარმოებელ არც სხვა ქვეყნებში ყურძენზე მაღალი ფასი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაოდ მაღალ ფასად მოხდა ყურძნის ჩაბარება. წელსაც, სავარაუდოდ, ყურძნის ფასი სხვა ქვეყნებშიც იგივე იქნება. ეს პირდაპირ ბაზარზეა დამოკიდებული, თუ როგორია ყურძენზე მოთხოვნა.

მეორე მხრივ, გლეხების პოზიცია წმინდა არაბიზნესური მიდგომიდან გამომდინარეობს, ანუ საზოგადოებაში სავარაუდოდ, შემორჩენილია ის კომუნისტური კოლმეურნეობის პრინციპები, რის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია რაღაც პროდუქცია ჩაიბაროს. მაგ ლოგიკით საერთოდ ვერ ვხდები, თუ რატომ უნდა ჩაიბაროს ყურძენი და არა სხვა პროდუქტი, - ამბობს ღვინის მარკეტოლოგი.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით ყურძენზე ფასის ცვლილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ-ერთი ფაქტორი წინა წელს უხვი მოსავალი იყო, რის გამოც კომპანიებს ღვინო წელსაც აქვთ.

"ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენი ღვინის ერთ-ერთ მთავარ მიმღებ რუსეთის ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობაა, იგივე სიტუაციაა უკრაინულ ბაზარზეც. შესაბამისად, ის საწარმოები თვლიან, არ მიიღონ იმდენი ყურძენი, რომ უახლოესი ერთი ან ორი წლის განმავლობაში მათი რეალიზაცია ვერ მოახდინონ. კიდევ ერთი ფაქტორი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან გლეხების მიმართ დაპირებები იყო, რომ ჩვენ ჩავიბარებთ ყურძენს, ყურადღებას მოგაქცევთ და ა.შ. ამგვარი მოლოდინები ფერმერებში ბიზნეს ორიენტირების და ბიზნესმენებად ჩამოყალიბების პროცესის შენელებას იწვევს. გლეხს ყურძენი მოჰყავს, პომიდორი თუ ქლიავი, ის არის ჩვეულებრივი ბიზნესმენი, მან უნდა იფიქროს როგორც ბიზნესმენმა და გაითავისოს ის რისკები, რაც ყურძნის მოყვანას თან ახლავს. ნაკლებად მიმაჩნია, რომ ვინც ყურძენი მოიყვანა და დღეს ვერ აბარებს, მას არ შეეძლოს ყურძნის შენახვა და მომავალ წელს უკვე ღვინოს სახით გასაყიდად გატანა", - ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

მეღვინეობაში კიდევ ერთი პრობლემა ქართული ღვინის უცხოურ ბაზარზე გატანა და რეკლამირებაა. ამ დროს ბევრი კომპანია შეცდომას უშვებს.

"როგორც ქართველს, ქართულ და უცხოურ ბაზარზეც მაკლია რეალურად ქართული ბრენდი. ღვინის პროდუქციის ქართული ბრენდინგი. პირობითად რომ ავიღოთ ხვანჭკარა, როგორც მომხმარებელი ხუთი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას (ხვანჭკარას) შორის სხვაობას ვერ ვხედავ.  მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზე დაინერგოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თითოეულ მწარმოებელს ექნება განსხვავებული პროდუქცია, განსხვავებული ფასეულობების მატარებელი ღვინო", - ამბობს ნიკო თევდორაშვილი.

გლეხების პროტესტს ზურგს უმაგრებს ყურძნის ბოლო სამი წლის ფასი, რის მიხედვითაც 1 კგ ყურძენის ფასი ერთ ლარზე დაბლა არ ყოფილა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

2008 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 45 თეთრი

2009 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 50 თეთრი

2010 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 60 თეთრი

2011 - საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი - 75 თეთრი

2012- საფერავი 1 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი

2013- საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი - 1 ლარი

2014 - საფერავი 2,50, რქაწითელი - 1,05 ლარი

სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბოლო სამი წელი რქაწითელზეც და საფერავზეც ჩაბარების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, წელს კი წინა წელთან შედარებით 1კგ საფერავის ფასმა 1,75 თეთრით დაიკლო.

საინტერესო კვლევა აქვს ჩატარებული ასოციაცია "ქართულ ღვინოს", რომელიც 2010 წლის ინფორმაციას შეიცავს ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ. 2010 წელს საქართველოდან ექსპორტზე 40 მილიონი დოლარის ღირებულების დაახლოებით 12 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა, რაც მსოფლიოს სხვა ექსპორტიორ ქვეყნებთან შედარებით არც ისე დიდი ციფრია. იმავე წელს ქართული ღვინის ექსპორტი მოხდა შემდეგ ქვეყნებში: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ლატვია და ა.შ. სამუშაო შეხვედრებზე, დოკუმენტის შექმნაში მონაწილე მხარეებმა ჩამოაყალიბეს იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უშლის ექსპორტის განვითარების პროცესს.

გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ქვეყნის დაბალი ცნობადობა, ქართული ღვინის დაბალი ცნობადობა, ერთიანი მარკეტინგის ფინანსების არარსებობა, "ქართული ღვინის" შესახებ ერთიანი შეთანხმებული ინფორმაციის არარსებობა, მეღვინეების გულწრფელი ერთიანობის არქონა, ექსპორტის (გაყიდვების) გამოცდილების ნაკლებობა, თანამედროვე განათლების კადრების ნაკლებობა, ბაზრების შესახებ ინფორმაციების ნაკლებობა, არსებულ ბაზრებზე ერთიანი მიდგომის არარსებობა, ტრანსპორტირების პრობლემები (მაღალი ფასი), სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ხელშეწყობა ექსპორტზე და ა.შ.

თაკო ესებუა

წყარო: AMBEBI.GE