თბილისის საკრებულოს დეპუტატები გუანჯოუს ბიზნესმენებსა და ინვესტორებს შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. საკრებულოს ინფორმაციით,  გუანჯოუს ვიცე-მერებისა და ქალაქის სხვადასხვა სფეროს ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ქართველი დეპუტატები ბიზნესმენთა და ინვესტორთა ჯგუფს შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში, კერძოდ, თბილისში ბიზნესის განვითარების კუთხით დაინტერესდნენ.

ქართულმა მხარემ მასპინძლებს საქრთველოში რეფორმებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რასაც უცხოელმა ინვესტორებმა დადებითი შეფასება მისცეს და სამომავლოდ თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. საკრებულოს დეპუტაციამ დღესვე გუანჯოუს სამრეწველო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა ქალაქებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 2015 წლის 11-13 სექტემბერს გუანჯოუში, ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის საგამოფენო კომპლექსში გაიმართა.