სიღნაღში ქართული პროდუქციის ფესტივალი "არტგურმანი 2015" გაიმართება

კომპანია "არტპალასის" ორგანიზებით 19 სექტემბერს, ქ.სიღნაღის მთავარ მოედანზე ქართული პროდუქციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

„არტგურმანი 2015“ დაარსდა როგორც ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.

გამოფენა აერთიანებს როგორც ქართულ ტრადიციულ პროდუქტს, ისე თანამედროვე ქართული კომპანიების ინოვაციურ ნაწარმს. გამოფენაზე მონაწილეთა და „ექსპონატთა“ მრავალფეროვნება და სიუხვე იქნება: ქართული ღვინის კომპანიები ტრადიციული და თანამედროვე პროდუქციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, წვენებისა და დაკონსერვებული პროდუქციის, ყველის, თაფლის, ჩირისა და ჩურჩხელას ფართო ასორტიმენტი.

გარდა კომპანიებისა, გამოფენაზე იხილავთ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციას. ადგილი დაეთმობა სუვენირებსა და აქსესუარებს. გამოფენის სტუმრები ღვინის დეგუსტაციასაც შეძლებენ.

კომპანიები მათთვის გამოყოფილ, სათანადოდ გაფორმებულ სტენდებზე გამოფენენ თავიანთ პროდუქციას. გამოფენა-გაყიდვის საღამოზე თავიანთ ხელოვნებას წარმოაჩენენ ფოლკლორული კოლექტივები კახეთიდან. ღვინის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ ფოტოარქივს.

უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი შემომყვანი ტურისტული კომპანიები. გამოფენა-გაყიდვა უმასპინძლებს სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩოთა წარმომადგენლებს საქართველოში.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. პროექტის  მედიაპარტნიორი: ტელეკომპანია „იმედი“,  რადიოპარტნიორები: „ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“. მხარდამჭერები: myvideo.ge, „ბიზნესპრესნიუსი“- bpn.ge, gemrielia.ge, და ჟურნალი-„გემრიელი“.