საქართველოში "მის ჩინეთის" კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში "მის ჩინეთის" კონკურსის ნახევარფინალი გაიმართება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ღონისძიებასთან დაკავშირებით 12-დან 22 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს თექვსმეტი კონკურსანტი ეწვევა. მათივე ინფორმაციით, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი უმსხვილესი ჩინური სატელიტური ტელევიზია, Phoenix TV"-ია. ტელეკომპანია ევროპის ქვეყნებშიც მაუწყებლობს და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს. "Phoenix TV"-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი "Miss Chinese Cosmos Pageant", ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში კონკურსი სხვადასხვა ქვეყნებში იმართებოდა. (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ღონისძიება ხელს შეუწყობს როგორც ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ისე ჩინელი და ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების მატებას. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერება, კონკურსის მონაწილეები მოინახულებენ ყაზბეგს, გორს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს. კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილია ფილმის გადაღება, რომელიც 17 ოქტომბერს "მის ჩინეთის" მსვლელობისას გაშუქდება და მილიონობით ადამიანი იხილავს. პროექტის ერთ-ერთი სპონსორია ,,ჰუალინგ ჯორჯია".