ფასიანი გზების საკითხის განხილვას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ

თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მისივე განმარტებით, ავთანდილ სუდაძის მოსაზრება სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითი იყო.  "გზებზე ფასის დაწესება თბილისის მერიაში არ განიხილება. რაც განაცხადა ბატონმა ავთანდილ სუდაძემ, ეს უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითი იყო და მისი პერსონალური მოსაზრება. რაც გავრცელდა, ვფიქრობ გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოღებული იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თბილისის მერიაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ გზებზე არც ერთ შემთხვევაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, თბილისში საცობების მთავარი მიზეზი ავტომობილების გაზრდილი პარკია. მერის მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 390 000-მდეა. ამას გარდა, დედაქალაქში ყოველდღიურად 500 000-მდე ავტომობილი მოძრაობს. ლექვინაძის განცხადებით, ამ მოცულობის ავტომობილების გადაადგილების უზრუნველყოფას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჭირდება, ამიტომ ამ კუთხით თბილისის მერია ორი მიმართულებით მუშაობს. "ერთი მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, რესტავრაცია. თბილისში მიმდინარე ამ ტიპის მასშტაბურ სამუშაოებს თითოეული თქვენგანი ძალიან კარგად ხედავს. მეორე მიმართულებაა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, რომ საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება. "ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, დიდხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული", - განაცხადა სუდაძემ.