აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 35.1%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 195.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე, 35.1 %-ით (45.7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4% იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2015 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (37.6 მლნ აშშ დოლარი), იტალია (8.9 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6.0 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი (2.8 მლნ აშშ დოლარი).

სებ-ის ინფორმაციით, 2015 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 12.5 მლნ აშშ დოლარი (29.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 14.6 მლნ აშშ დოლარისა (27.4 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.