გორის გამგეობა მაღალმთიან სოფლებში ახალ პროექტს ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან სოფლებში ახალ პროექტს ახორციელებს. გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლებში დაიწყო მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტროენერგიის სისტემების მონტაჟი. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულებაა 59 322 ლარი, რომელიც 25 ოჯახისთვის ინდივიდუალური სისტემების დამონტაჟებას გულისხმობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ტარიელ გურგენაშვილი ახორციელებს. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროენერგიის სისტემები უკვე დაუმონტაჟდა საყავრეს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრებ 18 ოჯახს, უახლოეს დღეებში სამუშაოები მღებრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება. პროექტი სექტემბრის ბოლოს დასრულდება და 25 ოჯახს ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს. მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივებს 25 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ.

როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, საყავრეს ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და გამგეობის სხვა თანამშრომლებმა დაათვალიერეს და ადგილობრივებს შეხვდნენ.  როგორც მოსახლეობა ამბობს, მას შემდეგ რაც სოფლებში ელექტროენერგიის სისტემები დამონტაჟდა, ახალგაზრდები მთას უფრო ხშირად სტუმრობენ და დასახლების სურვილიც გაუჩნდათ. ადგილობრივების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა სოფლებამდე მისასვლელი გზებია. წელს პირველად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ამ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობაც ისარგებლებს. მათი გადაწყვეტილებით, პროგრამით გამოყოფილი თანხებით, რამდენიმე დღეში ამ მიმართულებით გზების მოწესრიგება დაიწყება.

"ჩვენ ძალიან გვინდა, რომ მოსახლეობა მაღალმთიან სოფლებს დაუბრუნდეს და ამისთვის გადავწყვიტეთ ამ პროექტის განხორციელება. ამ ეტაპზე ვინც აქ ცხოვრობს ყველა ოჯახს დაუმონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალური ელექტროენერგიის სისტემები, ამ სისტემებს დავუმონტაჟებთ ყველა იმ ოჯახს, ვინც მომავალში მაღალმთიან სოფლებში დაბრუნებას გადაწყვეტს. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ნორმალურ პირობებში ცხოვრების საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მოსახლეობა მთას უნდა დაუბრუნდეს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.