კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობა ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანსა და თელავში დაფიქსირებული მავნებლის, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ 90 ჰა ფართობი შეწამლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  აღმოსავლეთ საქართველოში ამერიკული თეთრი პეპელა პირველად გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა მონიტორინგის შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანსა და კალაურში, თელავის სოფელ აკურაში მეორე თაობის 5-6 ხნოვანების მატლები გამოავლინეს და შესაბამისი საწინააღმდეგო ღონისძიებები მყისიერად განახორციელეს. სააგენტოს სპეციალისტები მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგს განაგრძობენ. მათივე ინფორმაციით, ამერიკული თეთრი პეპელას გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველო, კერძოდ, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებია, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, წელს მავნებლის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღინიშნა.

ამერიკული თეთრი პეპელა გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო საქართველოში 1976 წელს იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს. რამდენიმეწლიანი მავნეობის შემდეგ მცენარე ხმება.