რთველის მიმდინარეობის თაობაზე პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ

რთველის მიმდინარეობის თაობაზე სამი საპარლამენტო კომიტეტი სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენს. ოთარ დანელია ანგარიშით პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკის და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოდის.  როგორც სხდომის დაწყების წინ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კრიტიკას, რომელიც რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისმის, შინაარსი არ აქვს და აპირებს დღეს საზოგადოებას, მევენახეებს და მეღვინეებს არსებული სიტუაცია გააცნოს.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული სუბსიდია არ გადაიხედება. მისივე თქმით, ფასის გადახედვა სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის. "ჩვენ გვაქვს სუბსიდირება, რომელიც ვერ გადაიხედება, ეს არის სახელმწიფო სახსრები, ხალხის ფული, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არის მაქსიმალური რესურსი, რომლის გამოყოფაც სახელმწიფომ შეძლო", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებიან მევენახეები, მეღვინეები. სხდომაში მონაწილეობს ოპოზიცია.