ოთარ დანელია: სუბსიდირება სწორი არ არის

სუბსიდირება ზოგადად არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

დანელიას თქმით, ხელისუფლება ყურძნის სუბსიდირებას წელს არ გეგმავდა, თუმცა რეგიონში შექმნილი ვითარების გამო ყურძენზე მოთხოვნის შემცირების გამო ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.  "ერთ რამეზე ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, მე მგონი, რომ სუბსიდირება არ არის სწორი ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ დასჭირდეს დარგს სუბსიდირება. ეს პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ დარგთან მიმართებაში, გახლავთ სწორედ იქითკენ მიმართული, რომ არ იყოს დარგი დაკნინებული, დაავადებული, იყოს ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

რთველი 2015-ის ფარგლებში, სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრის, ხოლო 1 კგ საფერავზე - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.