ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ჩინურმა კომპანიამ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ჩინურ კომპანიასთან ერთად, ენერგეტიკული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობის შესწავლას იწყებს.

ნავთობის და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და ჩინურმა კომპანია China Tianchen Engineering Corporation-მ (TCC) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.  "ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის თანამშრომლობის მიზანია საქართველოში გაზის მიწისქვეშა საცავისა და კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობების შესწავლა. პროექტების განვითარებაში სავარაუდოდ, საქართველოს საპარტნიორო ფონდიც ჩაერთვება. TCC-ს ინიციატივით კორპორაციის მიერ დაგეგმილი პროექტების დაფინანსების შესწავლის პროცესში ასევე მონაწილეობენ ჩინეთის სახელმწიფო საექსპორტო ოპერაციების მზღვეველი სააგენტო - China Export & Credit Insurance Corporation (SINOSURE)  და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი - Industrial and Commercial Bank of China (ICBC). ამ ეტაპზე ჩინური მხარე პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლას ახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ნავთობის და გაზის კორპორაციის ინიციატივით, TCC ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.  "ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მიწისქვეშა გაზსაცავის და კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, თურქეთშიც", - ნათქვამია განცხადებაში.