ოთარ დანელია გლეხებს: მე ვარ თქვენი მინისტრი, მაგრამ მეწარმეებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან

ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენს წინაშე, რადგან მე ვარ თქვენი მინისტრი, მაგრამ მეწარმეებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან, - ასე მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გუშინ, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კახეთიდან ჩამოსულ გლეხებს, რომლებმაც ყურძნის ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

მინისტრის განმარტებით, რესურსი, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს, გადამხდელების ფულია და მთავრობა ვალდებულია, თითოელ თეთრს გაუფრთხილდეს. "რეალობა გახლავთ ეს: სახელმწიფომ გამოყო ის თანხა, რაც შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით, თუმცა როცა ვნახეთ, როგორია მოთხოვნა-მიწოდება ბაზარზე, გამოვყავით იგივე თანხები, რაც იყო შარშან, რათა იგივე პირობა დაგვეტოვებინა დარგისთვის და თქვენ, გლეხებს მიგეღოთ მინიმუმი შემოსავალი. ჩვენ, სახელმწიფოს მეტი რესურსი არ გვაქვს, მეტ რესურსს ვერ გამოვიტანთ...  მე თქვენ ტყუილს ვერ გეტყვით. მე თქვენ უნდა გითხრათ ის, რა რეალობაც არის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს არის გადამხდელების ფული, ხალხის ფული, შესაბამისად, ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან ანგარიშვალდებული ვართ თითოეულ თეთრზე, რომელსაც კონკრეტული მიმართულებით მივმართავთ. დიდი ბოდიში, მაგრამ რეალურად ეს არის მოცემულობა. მე ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თქვენთან, რადგან ვარ თქვენი მინისტრი და უნდა შეგიქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს, მაგრამ მეწარმეებიც ჩვენი ბენეფიციარები არიან. ისინიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, რომ თქვენ ნახოთ ხეირი", - განაცხადა დანელიამ გლეხების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.