2014 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი ხურმა უკრაინაში გავიდა

ხურმის კომერციული ბაღები საქართველოში მცირე რაოდენობით გვხვდება. მოსავლის უმეტესი ნაწილი კი შინამეურნეობებიდან მიიღება.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ხურმა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და ნაწილობრივ, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშია გავრცელებული. ხურმის ნაყოფის კრეფის პერიოდი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. ქართული ხურმის ჩირი თავის გემოვნური თვისებებით არის გამორჩეული. ხურმის ჩირი იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზრებზე, ასევე საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს.

2011 წელს საქართველოში 5 190 ტონა, 2012 წელს - 5 266 ტონა, 2013 წელს - 6 781 ტონა, ხოლო 2014 წელს 3 159 ტონა ხურმა აწარმოეს.

2012 წელს ხურმის ექსპორტმა 2 795 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ხურმის ექსპორტი გაიზარდა და მან 3 585 ათასი აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს 1 916 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წლის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო ბაზრებს უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი და მოლდოვა წარმოადგენს. ექსპორტის 47% უკრაინაზე მოდის, 41% - რუსეთზე, 4% - ყაზახეთზე, ხოლო 2% მოლდოვაზე. დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტს მთლიანი მოცულობის 6% უკავია.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, ხურმის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰექტარ ფართობზე (ბაღი) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 8 680 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-7 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) კი - 12%.

შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში ხურმის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.