პოლიციას გამოსახლების უფლებამოსილება აღარ ექნება

”ვფიქრობ, პარლამენტი ამ კანონს წლის ბოლომდე დაამტკიცებს”

საკანონმდებლო ორგანოში სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი პირველივე მოსმენაზე დაუჭირა. ამჟამად, პროექტის ინიციატორები კომიტეტის შენიშვნებზე მუშაობენ. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციას გამოსახლების უფლებამოსილება შეუწყდება. ცნობილია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით, იპოთეკური თუ სხვა გარიგების დარღვევის დროს, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, გამოსახლების პრეროგატივა პოლიციას ეკუთვნის. თუმცა, კანონის დამტკიცების შემთხვევაში, გამოსახლება სააღსრულებლო ბიუროს ხელში გადავა.

პარლამენტარი, იურიდიული კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ კანონში ცვლილებების წლის ბოლომდე შევა.

ზაქარია ქუცნაშვილი: როგორც იცით, ეს ცვლილებები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხს შეეხება. ნივთი უკანონო მფლობელობაში ორი მიზეზით შეიძლება აღმოჩნდეს: დანაშაულის ჩადენის შედეგად, როცა უკანონოდ ხდება მისაკუთრება და სამოქალაქო გარიგების დარღვევის შემთხვევაში. მხედველობაში მაქვს იჯარის ან იპოთეკის ხელშეკრულება, როცა ვადის გასვლის შემდეგ, მოქალაქე დაკავებული ფართიდან ან შენობიდან არ გამოდის. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ეს ხელშეკრულება ბანკთან არის გაფორმებული თუ კერძო მევახშესთან. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, გამოსახლების უფლებამოსილება პოლიციას აქვს. მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ჩადენის შედეგად მითვისებულ ნივთზეა საუბარი თუ სამოქალაქო გარიგების დარღვევის შედეგად მითვისებული ნივთზე. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ პოლიციის კომპეტენცია და მოვალეობა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლაა. ამიტომ, ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, პოლიციას სამოქალაქო გარიგების დარღვევის შედეგად გამოსახლების უფლებამოსილება აღარ ექნება. სამოქალაქო გარიგების დარღვევის შემთხვევაში საქმე პოლიციის ნაცვლად, სასამართლოსა და აღმასრულებლების ხელში გადავა.

- თუმცა, სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განხილვის პროცესი თვეობით, ზოგჯერ წლობით ჭიანურდება. ამის დაბალანსება როგორ წარმოგიდგენიათ?

- რადგან ეს საფრთხე წარმოიშვა, კანონპროექტის ინიციატორებს ვუთხარით, რომ ამ ცვლილებებს იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს თუ სასამართლო გამოსახლების საკითხს დაჩქარებული პროცედურებით განიხილავს. მოქალაქე, რომელიც უკანონოდ გააგრძელებს ნივთის ან ქონების ფლობას, მას მესაკუთრისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრება - ქირის თუ გირის თანხა, სასამართლოსა და ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. ამასთან, დავაყენეთ შემდეგი მოთხოვნა, გამოვაცხადოთ გარდამავლი პერიოდი. კერძოდ, სასამართლოებს 8-თვიანი პერიოდი მივცეთ, რომ დავები დაჩქარებული წესით განიხილონ. ამის ასე უცებ ამოქმედება არ შეიძლება, ეს სიტუაციას დაძაბავს, რადგან ისეთი ასოციაცია გაუჩნდებათ, რომ პოლიციური გამოსახლება დროის სიმჭიდროვის გამო უფრო ეფექტურია, ვიდრე სასამართლო დავით. ვფიქრობ, რომ პარლამენტი ამ კანონს წლის ბოლომდე დაამტკიცებს. თუმცა, მისი ამოქმედება მოგვიანებით დაიწყება.”

როდის დაიწყება მეორე და მესამე განხილვა, უცნობია. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, განხილვის თარიღს პარლამენტის ბიურო დაადგენს.

სალომე გოგოხია