საპარტნიორო ფონდს კორეული კომპანია K Water-ის წარმომადგენლობა ესტუმრა

საპარტნიორო ფონდს კორეული კომპანია "K Water"-ის წარმომადგენლობა ესტუმრა. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, კომპანია "K Water"-ის წარმომადგენლობა საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა, რათა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწროს. დელეგაციას კომპანიის პრეზიდენტი გაევონ ჩოი ხელმძღვანელობს. მხარეებმა ნენსკრას პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი, "K Water"-თან ერთად სვანეთში აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს. მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია salini impregilo ახორციელებს.  რაც შეეხება "K Water-ს", სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორეის გარდა, კორპორაცია ევროპისა და აზიის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში პროექტებს ახორციელებს.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფონდის აქციების 100 პროცენტს ფლობს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს.  ფონდი ფლობს "საქართველოს რკინიგზის", "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა" და ნაწილობრივ, "თელასის" აქციებს.  ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად, ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.