რეპორტაჟი კახეთიდან - "კახელი კაცისთვის ვაზი ყველაფერია, დაუკრეფავს ხომ ვერ დავტოვებთ?!"

,,თუ საქმე ასე წავიდა, აღარც კი ღირს ვენახთან სიახლოვე. გლეხი კაცისთვის რომ არავინ ზრუნავს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ კაცი იმედით ცოცხლობს",  -გურჯაანელ ასლან ბაქრაძეს ყურძნის გადამამუშავებელ ქარხანაში შევხვდით.

საკუთარ ვენახში მოწეული მტევნები გურჯაანელმა გლეხმა ქარხანაში შაქრიანობაზე შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ კილოგრამზე 70 თეთრის მისაღებად მის ვენახს რამდენიმე დღე მოცდა მოუწევს. ქარხანაში ჩაბარებამდე, ყურძენს სხვადასხვა კრიტერიუმით ამოწმებენ. მნიშვნელოვანია, რომ სიტკბოება 18-სა და 24-ს შორის მერყეობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საწარმო მას ბევრად უფრო დაბალ ფასში ჩაიბარებს. ბატონი ასლანი ქარხანას უკმაყოფილო ტოვებს და ,,შვილივით ნაზარდ" ვენახში გვეპატიჟება.

ვაზი ერთ ჰექტარზე აქვს გაშენებული, მოსავალი წინა წლებთან შედარებით უხვად მოუვიდა, მაგრამ სხვა გლეხების მსგავსად, სარეალიზაციო ფასმა, ასლან ბაქრაძეც იმედგაცრუებული დატოვა. „ხარჯი დიდია, წამლები, საწვავი და მუშახელიც გაძვირებულია. აღებულმა თანხამ გაწეული ხარჯი თუ ამინაზღაურა, მომავალი წლისთვის ახალშენზე ფიქრიც კი ზედმეტია."

იძულებულია სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ფასს დაჯერდეს, რადგან სხვა გზას ამჯერად ვერ ხედავს. თვლის, რომ აქციებით სასიკეთო არაფერი გადაწყდა და არც გლეხების მიერ გაწეული შრომა დაფასდა შესაფერისად.

,,მომატების ნაცვლად ფასი დაგვიკლეს, მაგრამ კახელი კაცისთვის ვაზი ყველაფერია, დაუკრეფავს ხომ ვერ დავტოვებთ?!" - ამბობს ბატონი ასლანი და ვენახში დროებით შეწყვეტილ სამუშაოს უბრუნდება.

გურჯაანის გამგეობის წინ გლეხების შეკრება ისევ იგეგმება. აქციის გამართვის მოლოდინში მყოფი რამდენიმე მევენახე წლევანდელ რთველზე საუბრობს და ფასის მომატების იმედს არ კარგავს, თუმცა გამგეობაში კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ, რომ სახელმწიფო სუბსიდიის გაზრდას არ აპირებს.

გურჯაანის რაიონის გამგებელი, გივი გერგიძე "რთველი 2015"-ის ჩატარებას ოპტიმისტურად უყურებს. ,,დღეისთვის რთველი შედის აქტიურ ფაზაში. კერძო კომპანიებმა მოუმატეს ფასს და უკვე სამოცდაათ თეთრში იბარებენ რქაწითელსა და კახურ მწვანეს, ხოლო საფერავს ოთხმოცდახუთში. ჯერ კიდევ დაბალია შაქრიანობა, რაც ბოლო დროის წვიმებმა განაპირობა. გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩაბარდა 155 ტონა საფერავი და 35 ტონამდე რქაწითელი. მოგეხსენებათ, საფერავის კრეფა უფრო ადრე დაიწყო, მომწიფების გამო. ვფიქრობ დროა, ჩვენ ნელ-ნელა შევძლოთ იმის მიხვედრა, რომ სახელმწიფო თავისუფალ ბაზარში ვერ ჩაერევა. ფასის მცირედით მომატების გადაწყვეტილებაც კერძო კომპანიებმა, რა თქმა უნდა, თვითონ მიიღეს. შესაძლოა, ყურძნის ფასი კიდევ გაიზარდოს. ყველას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“.

გლეხების პრეტენზიები სააქციო საზოგადოება ,,აკურას" წარმომადგენელთან, გელა ბეზარაშვილთან ერთადაც განვიხილეთ. მისი თქმით, ამჟამად სახელმწიფოს მიერ კახეთის 5 რაიონში გახსნილია ექვსი საწარმო, სადაც მიმდინარეობს, როგორც თეთრი, ასევე წითელი ყურძნის გადამუშავება.

„რქაწითელს 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ვიბარებთ. ყურძნის სიმწიფეში შესვლასთან ერთად კიდევ იგეგმება საწარმოების გახსნა. მათი რიცხვი სავარაუდოდ 24-მდე ავა. ეს ქარხნები უზრუნველყოფენ რთველი 2015-ის წარმატებით ჩატარებას. ჩვენ აღნიშნულ საწარმოში ასევე ვგეგმავთ 600 ტონა ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის დამზადებას, რომელიც გაიყიდება შიდა ბაზარზე და შეიძენენ კერძო ღვინის საწარმოები. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ გლეხს არ დარჩება ყურძენი ჩაუბარებელი", - გვითხრა გელა ბეზარაშვილმა.

ქრისტენე გამთენაძე