თბილისში ყველისა დ რძის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

10 ოქტომბერს თბილისში, რიყეზე გაიმართება ყველისა და რძის პოდუქტების დარგში კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ფესტივალი, რომლის მუდმივი ორგანიზატორი იქნება საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მიიღებს. წარმოდგენილი იქნება ოსური და აფხაზური ყველის სახეობები, ასევე ინდივიდუალური მწარმოებლებისა და მსხვილი საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქცია, "მონასტრის ყველი" და სხვა. სტუმრის რანგში მოწვეულია თურქული და ებრაული დელეგაციები.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ფესტივალით საქართველო შეძლებს, აღიდგინოს კავკასიაში კულტურულ-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრის სტატუსი. კავკასიურ ყველს კი ეძლევა შანსი - დაიმკვიდროს კუთვნილი ნიშა ყველის მსოფლიო ბაზარზე.

ფესტივალი ორი დღე გაგრძელდება და უმასპინძლებს სტუმრებს სხვადასხვა ორგანიზაციიდან. ასევე ყველის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება შეჯიბრი კულინარიულ სასწავლებლებს შორის. გამარჯვებულს კი ვიზიტორები გამოავლენენ. სწორედ მათი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება ფესტივალის კულმინაცია.