ჩანთები, რომლებიც ცნობილი ადამიანების სახელს ატარებენ

მოდის სახლი Hermès ნიანგის ტყავისგან დამზადებული ცნობილი ჩანთის „ბირკინი“ ახალი სახელწოდების ძიებაშია.

თავის დროზე ჩანთას „ერმესმა“ სახელი ცნობილი მსახიობისა და მომღერლის ჯეინ ბირკინის საპატივსაცემოდ დაარქვა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მსახიობმა მოდის სახლს მიმართა და სთხოვა მისი სახელი აღარ გამოეყენებინათ. ჯეინ ბირკინის განცხადებით, ორგანიზაცია PETA-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ნიანგებს უხეშად ეპყრობოდნენ.

გთავაზობთ იმ ჩანთების ჩამონათვალს, რომლებსაც სხვადასხვა დროს დიზაინერებმა სახელი ცნობილი ადამიანების საპატივსაცემოდ შეურჩიეს.

ჯეინ ბირკინი

ფრანგულმა მოდის სახლმა „ბირკინის“ ჩანთა 1981 წელს შეიქმნა. გავრცელებული ვერსიით, ჯეინ ბირკინი თვითმფრინავში შემთხვევით შეხვდა „ერმესის“ სახლის ხელმძღვანელს ჟან-ლუი დიუმას. საუბრისას მომღერალმა დაიჩივლა, რომ დიდი ზომის ტყავის ჩანთას მცირე არჩევანის გამო ვერ ყიდულობდა და ჟან-ლუი დიუმას საკუთარი ოცნების ჩანთა დაუხატა.

ბრიჯიტ ბარდო

„ერმესისგან“ განსხვავებით“, Lancel-მა მსგავსი შეცდომა არ დაუშვა - გაითვალისწინა ბრიჯიტ ბარდოს ცხოველებისადმი დამოკიდებულება და მსახიობს ქსოვილისგან დამზადებული ჩანთა მიუძღვნა.

D Bag

ცნობილი იტალიური მარკის Tod’s-ის ჩანთა, სახელწოდებით D Bag პრინცესა დაიანას მიეძღვნა. ჩანთა 1997 წელს შეიქმნა.

გრეის კელი

ჯერ კიდევ 1890 წელს შექმნილ ტყავის ჩანთას „ერმეზმა“ საბოლოო სახელი 60 წლის შემდეგ უწოდა და მონაკოს პრინცესა გრეის კელის მიუძღვნა. 1956 წელს ფრანგულმა მოდის სახლმა ჩანთას „კელი“ უწოდა, მას შემდეგ რაც ჟურნალ Life-ში გამოჩნდა გრეის კელის ფოტო, სადაც ორსული მსახიობი მუცელს „ერმეზის“ ჩანთით იფარავდა.

სოფი ლორენი

იტალიელი მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში იყო Salvatore Ferragamo-ს კლიენტი, რის გამოც ცნობილი ბრენდის ერთ-ერთ ჩანთას სწორედ სოფი ლორენის სახელი ეწოდა.

მონიკა ბელუჩი

2014 წელს იტალიელმა დიზაინერებმა საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოშვებულ ჩანთას მონიკა ბელუჩის საპატივსაცემოდ „მონიკა“ უწოდეს. ჩანთა ხელმისაწვდომია სამი ზომისა და სამი ფერის.

ჟაკლინ კენედი-ონასისი

ალდო გუჩიმ თავის კლასიკურ ჩანთას სახელი აშშ-ის პირველი ლედის ჟაკლინ კენედი-ონასისის საპატივსაცემოდ უწოდა და Jackie O. დაარქვა.